georgianeli

ჯორჯო აგამბენი – განმარტებები

In Uncategorized on დეკემბერი 20, 2020 at 3:05 PM

იტალიელმა ჟურნალისტმა, საკუთარი პროფესიის ჯეროვანი გამოყენებისამებრ, ძალ-ღონე არ დაიშურა იმ ეთიკური გაუგებრობების თაობაზე ჩემი შენიშვნების დასამახინჯებლად, რომელშიც ეპიდემია ჩვენ ქვეყანას ამყოფებს და რომელშიაც უკვე გარდაცვლილებზეც კი არავინ ზრუნავს. ისევე, როგორც არ ღირს მისი ვინაობის გამხელა, ამგვარადვე აზრსაა მოკლებული ისედაც ყველასათვის თვალსაჩინო მანიპულაციებზე დროის კარგვა. ვისაც სურს, შეუძლია საგამომცემლო სახლის „Quodlibet“-ის ვებსაიტზე გაეცნოს ჩემ ტექსტს „ინფიცირება“. უპირველეს ყოვლისა, აქ ვაქვეყნებ სხვა განაზრებებს, რომლებიც მათი მარტივად გასაგები ხასიათის მიუხედავად, ასევე შეიძლება იქნენ დამახინჯებული.

შიში ცუდი მრჩეველია, მაგრამ სააშკარაოზე გამოაქვს ბევრი რამ, რასაც არც კი ვამჩნევდით. პირველი, რასაც ქვეყნის დამადამბლავებელი პანიკის ტალღა თვალნათლივ წარმოაჩენს, არის ის, რომ ჩვენ საზოგადოებას შეუნიღბავი ცხოვრების მეტი უკვე არაფრის სჯერა. აშკარაა, რომ ავადმყოფობის საფრთხე, რომლის წინაშეც იტალიელები მზად არიან პრაქტიკულად ყველაფერი გაწირონ: ცხოვრების ნორმალური პირობები, საზოგადოებრივი ურთიერთობები, სამსახური, გრძნობები, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებიც კი, ამ ეტაპზე მაინც, სტატისტიკურად ასე საგანგაშოც არაა. შეუნიღბავი ცხოვრება – და მისი დაკარგვის შიში – არის არა ის, რაც ადამიანებს აერთიანებთ, არამედ რაც მათ აბრმავებს და ერთმანეთისაგან აშორებს

სხვა ადამიანები, როგორც ეს მანძონის მიერ აღწერილ ჟამიანობაშია გადმოცემული, ამიერიდან მხოლოდ ავადმყოფობის შესაძლო გამავრცელებლებად აღიქმებიან, რომლებსაც ნებისმიერ ფასად უნდა მოვერიდოთ და რომლებთანაც სულ მცირე, ერთი მეტრის დისტანცია უნდა ვიქონიოთ. გარდაცვლილებს – ჩვენ გარდაცვლილებს – არ გააჩნიათ დაკრძალვის უფლება და გაურკვეველია, თუ რა ბედი ელით ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების გვამებს. ჩვენი მოყვასი გაქრა და საინტერესოა ეკლესიის დუმილი ამასთან დაკავშირებით. როგორი ხდება ადამიანთა შორის ურთიერთობები ისეთ ქვეყანაში, რომელიც  გაურკვეველი ხნით ეგუება ამგვარად ცხოვრებას? და რას წარმოადგენს საზოგადოება, რომელსაც გადარჩენის მეტი სხვა ღირებულება არ გააჩნია?

კიდევ, წინანდელზე არანაკლებ შემაშფოთებელია ის, რომ ეპიდემია აშკარას ხდის, რომ საგანგებო მდგომარეობა, რომელსაც მთავრობებმა უკვე კარგა ხანია შეგვაჩვიეს, სინამდვილეში ჩვეულებრივი მდგომარეობა გახდა. წარსულში უფრო მძიმე ეპიდემიებიც გამოგვივლია, მაგრამ არავის აროდეს მოსვლია აზრად ამის გამო ახლანდელის მსგავსი საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა, რომელიც მიმოსვლასაც კი გვიკრძალავს. ამგვარად, ხალხი მიეჩვია ასეთ გაუთავებელ კრიზისულ და საგანგებო მდგომარეობაში ცხოვრებას იმის გათვალისწინების გარეშე, რომ მათი ცხოვრება წმინდად ბიოლოგიურ ყოფამდე დავიდა და არა მხოლოდ ყველანაირი სოციალური და პოლიტიკური, არამედ თვით ადამიანური და ინტიმური განზომილება დაკარგა. საზოგადოება, რომელიც მუდმივად საგანგებო მდგომარეობაში ცხოვრობს, არ შეიძლება იყოს თავისუფალი სოციუმი. ფაქტობრივად, ჩვენ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელმაც თავისუფლება ე.წ. „უსაფრთხოების ინტერესებს“ ანაცვალა და ამის გამო, საკუთარ თავს შიშსა და დაუცველობაში მუდამ ყოფნის განაჩენი გამოუტანა.  

არაა გასაკვირი, რომ ვირუსის გამო საომარ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ. საგანგებო ზომები ფაქტობრივად კომენდანტის საათის პირობებში გვაიძულებს ცხოვრებას. თუმცა, ომი უხილავ მტერთან, რომელიც ნებისმიერ სხვა ადამიანში შეიძლება იყოს ჩაბუდებული, ყველაზე უფრო აბსურდულ ომს წარმოადგენს. სინამდვილეში, ეს სამოქალაქო ომია. და მტერი გარეთ კი არა, ჩვენშია.

შემაშფოთებელი ხდება არა მხოლოდ აწმყო, არამედ მისი შედეგებიც. ისევე, როგორც ომებმა, მშვიდობასთან ერთად, რომლებმაც მემკვიდრეობად დაგვიტოვეს მთელი რიგი დამღუპველი ტექნოლოგიებისა – მავთულხლართებით დაწყებული ატომურ ელექტროსადგურებით დამთავრებული – ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობის შემდგომ, ასევე დიდი ალბათობით გაგრძელდება ის ექსპერიმენტები, რომლებიც მთავრობებმა თავის დროზე ვერ განახორციელეს: ამგვარად, ციფრული მოწყობილობები სკოლებში, უნივერსიტეტებში და ყველა საჯარო ადგილას ჩაანაცვლებენ ფიზიკურ დასწრებას, რომელიც სათანადო პირობების დაცვით, მხოლოდ კერძო განზომილებითა და სახლის კედლებით იქნება შემოზღუდული. ანუ ეს სხვა არაფერია, თუ არა საჯარო სივრცის სრული გაუქმება.

წიგნიდან – “რა ეტაპზე ვართ? ეპიდემია, როგორც პოლიტიკა”, 2020 წელი

დატოვე კომენტარი