georgianeli

ციფრული რესპუბლიკის მანიფესტი

In Uncategorized on ნოემბერი 30, 2021 at 1:27 PM

იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს პროექტი

წევრები

შენიშნავენ

რომ ციფრულმა ტექნოლოგიებმა დააჩქარეს საზოგადოების გარდაქმნა არა მარტო საოცარი შესაძლებლობების შექმნით, არამედ ასევე ახალი სოციალური რისკების წარმოქმნით.

მიიჩნევენ

რომ ციფრული ტრანსფორმაცია შეიძლება გაგებულ იქნას როგორც კონსტიტუციის იმ პრინციპების, უფლებებისა და ღირებულებების “ამოქმედება”, რომლებსაც ემყარება რესპუბლიკა და ადამიანთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და გამოცდილება, რომელში მონაწილეობისთვისაც მოწოდებულია ყველა მოქალაქე, ადმინისტრაცია, საწარმოები და საზოგადოებრივი ჯგუფები საერთო მიზნების მისაღწევად.

სთავაზობენ

რომ სახელმწიფომ, მოქალაქეებმა, საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და ორგანიზაციებმა ითანამშრომლონ სამეცნიერო-ტექნიკური კულტურის განვითარებისა და ციფრული უწიგნურობის ყველანაირ ფორმასთან – იგივე მიზეზების გამო და იგივე სიმტკიცით, რომლითაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა წერა-კითხვის უცოდინრობის დაძლევა – ისევე, როგორც ციფრული მოქალაქეობის საშუალებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ დისკრიმინაციის ყველანაირ ფორმასთან საბრძოლველად

იღებენ პასუხისმგებლობას

ხელი შეიწყონ შემდგომი პრინციპების საფუძველზე გაზომვადი და რაოდენობრივი შედეგების წარმოებაზე გამიზნულ კონკრეტულ ნაბიჯებს:

  1. ციფრული განათლება

ინფორმატიკული კულტურა და ციფრული უნარები მოქალაქეობის არსებითი მახასიათებლებია.

საჯარო და კერძო სფერომ თავიანთი განვითარებისათვის რესურსები უნდა ჩადონ იმდენად, რამდენადაც წარმოადგენენ ქვეყნის განვითარების, კონკურენტუნარიანობისა და კეთილდღეობის გადამწყვეტ ფაქტორებს, უნდა ებრძოლონ ციფრული უწიგნურობის ყოველგვარ გამოვლინებას მათ შორის სკოლის, უნივერსიტეტებისა და მასმედიის საშუალებით.

სახელმწიფო და კომპანიები ყველანაირად უწყობენ ხელს მოქალაქეების ციფრული კულტურისა და უნარების გავრცელებას. ტექნოლოგიურად და სოციალურად უსაფრთხო გარემოში ყველა მოქალაქეს აქვს ციფრული ტექნოლოგიების შესწავლის, შექმნისა ადა გამოყენების უფლება. ციფრული სამოქალაქო განათლება, გამოთვლითი აზროვნება, ინფორმატიკული ენა და ციფრული საშუალებების გაცნობიერებული გამოყენება სახელმწიფოსა და კერძო ორგანიზაციების მიერ მართულ, ყველასათვის განკუთვნილ საბაზისო უნარებს წარმოადგენს, რომელიც ყველა სასწავლო კურსზე უნდა ისწავლებოდეს.

მასწავლებლები და აღმზრდელები შემზადებულები უნდა იყვნენ, რათა შეძლონ მოსწავლეთა მხარდაჭერა სათანადო დიგიტალური უნარების ათვისებასა და ციფრული ინდივიდუალობის კომპეტენტურად და გაცნობიერებულად განვითარებაში. სახელმწიფო და კომპანიები შეიმუშავებენ და ავითარებენ დახმარების პროგრამებს მოსახლეობის ყველაზე უფრო მოწყვლადი ფენებისათვის (შშმ პირები, ხანში შესული პირები, ენობრივი და კულტურული უმცირესობები და ა.შ.), რითაც უზრუნველყოფენ თითოეულისათვის აუცილებელი ციფრული უნარების ადვილად შეძენას.

ამავე დროს, საჯარო და კერძო სექტორები, თავიანთი მომსახურების ხარისხის წყალობით, წარმოაჩენენ აღნიშნული უნარების ათვისებიდან გამომდინარე უპირატესობებს.

სახელმწიფო იცავს და ახალისებს ციფრული ტექნოლოგიების ყველანაირ ფორმასა და გამოვლინებას, ხელს უწყობს და ეხმარება როგორც კომპანიების განვითარებას, რომელთაც დიგიტალური ტექნოლოგიების მეშვეობით სურთ ბაზრებზე გახდნენ, ან დარჩნენ კონკურენტუნარიანები, ასევე ციფრული კულტურის გამავრცელებელი ორგანიზაციებისა და ასოციაციების საქმიანობის წინსვლას. მოქალაქეებისა და კომპანიებისათვის გაწეული საკუთარი მომსახურების ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, საჯარო ადმინისტრაცია ავითარებს თავის წიაღში არსებულ ციფრულ უნარებს და ხელს უწყობს ახალი სპეციალისტების მიღებას შერჩევის გზით და სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვან ყველა პროფესიასა და პოზიციაზე ციფრული უნარების დამკვიდრებისათვის გამიზნულ სპეციალურ განათლებას. სახელმწიფო და კერძო მედიები სთავაზობენ, აადვილებენ და უზრუნველყოფენ საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე, ეთიკაზე ციფრული გარდაქმნის კომპლექსური და ყოვლისმომცველი გავლენის შესახებ გაღრმავებული და მკაფიო ინფორმაციის მიწოდებას.

2. ციფრული მოქალაქეობა

ციფრულმა ტექნოლოგიამ შეიძლება ხელი შეუწყოს მოქალაქეობის ახალი ფორმის განვითარებას, რომელიც ეფუძნება ხარისხიან ინფორმაციას, განხილვებში მონაწილეობას, სამოქალაქო ურთიერთქმედებასა და მოქალაქეებსა და სახელმწიფო მართვის დაწესებულებებს შორის უფრო ეფექტურ ურთიერთობას. მოქალაქეთა უფლებების გათვალისწინებით შემუშავებული ციფრული ტექნოლოგიები შეიძლება საერთო ენად იქცეს მოქალაქეებს, საჯარო მართვასა და კომპანიებს შორის ურთიერთობაში და უზრუნველყოს უთანასწორობის დაძლევა.

საჯარო და კერძო სფეროები საკუთარ მომსახურებას ციფრული ფორმით ხდის ხელმისაწვდომსა და მოქალაქეზე მორგებულს ახალი ტექნოლოგიური წინააღმდეგობების შექმნის გარეშე და უკვე არსებულთა გადალახვით.

სახელმწიფოსა სერვისებისა და კომპანიების გაციფრულება ავტომატური პროცესი უნდა იყოს, უნდა მოხდეს ყველა ადმინისტრაციული პროცესის ციფრულ ტექნოლოგიებზე გადაწყობა და ყველა საჯარო, თუ კერძო მომსახურების შემუშავება საყოველთაო უფლებების გათვალისწინებით, რითაც მოქალაქეთა და მომხმარებელთა საჭიროებებს ცენტრალური მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს და მოხდეს უპირველეს ყოვლისა, მათი ციფრულ რეჟიმში მიწოდება.

ადმინისტრაცია ვალდებულია ზედამხედველობა გაუწიოს მიწოდებული ციფრული მომსახურების მოქალაქეთა მხრიდან ეფექტურ და ფაქტობრივ გამოყენებას და საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით სათანადო მონაცემები საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უკლებლივ ყველა მოქალაქის უფლება, მათ შორის ციფრული ფორმით, მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო, საზოგადოებრივ და დემოკრატიულ ცხოვრებაში, რითაც უნდა მოხდეს ყველანაირი სოციალური, ეკონომიკური, გეოგრაფიული, ტექნოლოგიური და კულტურული წინააღმდეგობების დაძლევა და ხელი შეეწყოს აღნიშნული უფლების ქმედითი სახით განხორციელებას კონკრეტული ნაბიჯების საშუალებით.

საზოგადოების ვალდებულებას წარმოადგენს ციფრული კულტურის გავრცელების უზრუნველყოფა, რითაც მის თითოეულ წევრს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ციფრული შესაძლებლობები სოციალური სოლიდარობის აქტივობების მეშვეობით, ეხმარება ჩამორჩენილებს ციფრული მოქალაქეობის საშუალებებთან დაკავშირებული უპირატესობების გაგებაში და ზოგადად, ციფრულ ეკოსისტემაში უფრო გაცნობიერებულად, უსაფრთხოდ და მდგრად ფორმებში ცხოვრებაში.

3. ციფრული სფეროს ეთიკური, ადამიანური და ანტიდისკრიმინაციული გამოვლინებები

ციფრული ტექნოლოგიები შეიძლება გახდეს სივრცე თანასწორობისა და საზოგადოებისა და პიროვნებების განვითარებისათვის.

საჯარო და კერძო სფეროები განაპირობებენ ყოველი სოციალური, ეკონომიკური, გეოგრაფიული, ტექნოლოგიური და კულტურული წინააღმდეგობის გადალახვას, რომელსაც შეუძლია

ყველა საჯარო, თუ კერძო სფეროს ციფრული მომსახურება ხელმისაწვდომი და გამოსადეგი უნდა იყოს რაიმე სახის დისკრიმინაციის გარეშე.

ციფრული საზოგადოება ინკლუზიური, ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ყოველგვარი დისკრიმინაციისა, თუ განსხვავებების რაიმე სოციალური, ეკონომიკური, გეოგრაფიული, ტექნოლოგიური, თუ კულტურული ფორმის გარეშე.

სახელმწიფო და კერძო სექტორი აყალიბებენ, ავითარებენ და წარმოადგენენ საკუთარ მომსახურებას და თავის შიდა ორგანიზაციულ სტრუქტურასა და პროცესებს ცვლიან ადამიანზე ორიენტირებული ხედვის მიხედვით, მიისწრაფვიან რა ტექნოლოგიისა და ბიუროკრატიის გამარტივებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხარჯები და უპირატესობა მიენიჭოს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომლებიც პროგნოზირებადია და დადებითად მოქმედებს მოქალაქეებსა და კომპანიებზე.

ის მომსახურებები, ქცევები და პროცესები, რომლებიც ხელს უშლიან მოქალაქეთა საჭიროებების დაკმაყოფილებას და საყოველთაო უფლებების დაცვას, უნდა აიკრძალოს როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში.

წყარო

ერიკ ბონაბო – გადაწყვეტილებები 2.0: კოლექტიური ინტელექტის ძალა

In Uncategorized on ოქტომბერი 19, 2021 at 10:45 PM
კოლექტიური ინტელექტი

საინფორმაციო ბაზრებმა, ვიკიპედიებმა და სხვა აპლიკაციებმა, რომლებიც ჯგუფების კოლექტიურ ინტელექტს იყენებენ, უკანასკნელ ხანებში უზარმაზარი ინტერესი დაიმსახურეს. მაგრამ რა იმალება ამ ხმაურის უკან?

ადამიანის ტვინი – ეს შესანიშნავი მოწყობილობა ათასწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა, რათა უამრავი სახის ვითარებაში მოგვეხერხებინა განვითარება. თუმცა, იგი ისეა მოწყობილი, რომ სირთულე თავიდან აიცილოს (არა მიიღოს) და მკვირცხლად იმოქმედოს თვითგადარჩენისთვის (არა მრავალრიცხოვანი არჩევანის შესასწავლად). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღებაზე მიმართულ ჩვენ განვითარებად ევრისტიკას გარკვეული შეზღუდვები გააჩნია, რაც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საკმაოდ დეტალურად იქნა შესწავლილი და აღწერილი; განსაკუთრებით, ქცევითი ეკონომიკის სფეროს მკვლევარების მიერ. მართლაც, ის, თუ როგორაა ჩვენი ტვინი მოწყობილი, შეიძლება კარგად შეესაბამებოდეს ჩვენი წინაპრების გარემოს, როდესაც სწრაფი გადაწაყვეტილება ხშირად უკეთესი იყო, ვიდრე გადაწყვეტილების საერთოდ არქონა. თუმცა, დღეს ბიზნესის ჰიპერკონკურენტული და სწრაფი ტემპებით განვითარებადი სამყარო მოითხოვს მოკლე დროში რეაგირებასა და უფრო ზუსტ პასუხებსა და სავარაუდო შესაძლებლობების საგულდაგულო შესწავლას.

კარგი სიახლე ისაა, რომ ინტერნეტისა და სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიების წყალობით ჩვენ კლიენტების, თანამშრომლებისა და სხვა დაინტერესებული პირების შესახებ ახლა უკვე დიდი – ზოგჯერ ძალიან დიდი – რაოდენობის მონაცემებზე მიგვიწვდება ხელი. ასე რომ, პრინციპში შეგვიძლია გაცილებით უფრო ზუსტად და ღრმად ჩავწვდეთ ჩვენ ირგვლივ მყოფ გარემოს. თუმცა, ეს არ არის საკმარისი; გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ მისაღებია. ჩვენ უნდა შევისწავლოთ მონაცემები, რათა შევძლოთ შესაძლებლობების აღმოჩენა, მათი შეფასება და სათანადო მოქმედება. პრობლემა ისაა, რომ ჩვენი, როგორც გადაწყვეტილების მიმღები ინდივიდუალური პირების, შეზღუდვები არ გვაძლევს საშუალებას მოვაგვაროთ მრავალი თანამედროვე რთული ბიზნეს-ამოცანა. და რა იქნებოდა, თუკი უფრო მეტად დავეყრდნობოდით სხვებს აღნიშნული გადაწყვეტილებების პოვნაში?

რასაკვირველია, კომპანიები უკვე დიდი ხანია, რაც პრობლემების მოსაგვარებლად ჯგუფებს იყენებენ, ფოკუს-ჯგუფებს კლიენტების საჭიროებების, მომხმარებელთა გამოკითხვას ბაზრის გასაგებად და ყოველწლიურ შეკრებებს აქციონერთა მოსასმენად. მაგრამ სიტყვებმა “გადაწყვეტა”, “გამოკვლევა”, “გაგება” და “მოსმენა” ამჟამად სრულიად ახალი მნიშვნელობა შეიძინა. უახლესი ტექნოლოგიების, მათ შორის, ვებ 2.0 აპლიკაციების წყალობით, კომპანიებს უკვე შეუძლიათ “კოლექტივის” უფრო ინტენსიურად გამოყენება, ვიდრე ოდესმე აქამდე. მართლაც, საინფორმაციო ბაზრების, ვიკიპედიების, “ქრაუდსორსინგის”, “მასების სიბრძნის” კონცეფიების, სოციალური ქსელების, ერთობლივი საპროგრამო უზრუნველყოფისა და სხვა ვებ-საშუალებების მზარდი გამოყენება კომპანიების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარადიგმის ცვლილებას წარმოადგენს. მოდი, დავარქვათ ამას გადაწყვეტილებები 2.0-ის დაბადების ერა.

თუმცა, მსგავსი ტექნოლოგიების გამრავლება მოითხოვს იმ საფუძვლების გაგებას, თუ კოლექტიური ინტელექტის რომელი ტიპია შესაძლებელი (ან არა), სასურველი (ან არა) და ხელმისაწვდომი (ან არა) – და რა პირობებში.

აღნიშნული სტატიის მიზანია საერთო ჩარჩოებისა და მიმოხილვის წარმოდგენა კომპანიების დასახმარებლად, რომ მათ შეძლონ გადაწყვეტილებები 2.0 აპლიკაციების გამოყენება პრობლემების მოსაგვარებლად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად.

გადაწყვეტილებების სისტემა

ოპერაციების კვლევის სფეროში პრობლემების გადაწყვეტა ორი მაღალი დონის ამოცანისაგან შედგება: 1) გადაწყვეტილებების გენერირება, რომელიც მოიცავს პრობლემის ფორმულირებასა და მის შესახებ სამუშაო ჰიპოთეზების ნაკრებს, და პირველ ეტაპზე შექმნილი სხვადასხვა ალტერნატივის შეფასება. თითოეული ამოცანა განსხვავებული ჰიპოთეზითაა განპირობებული. მაგალითად, გადაწყვეტილებების გენერირებისას ჩვენთვის დამახასიათებელია იმ ინფორმაციის მოძიება, რომელიც ჩვენ ვარაუდებს ადასტურებს (მიკერძოებული ვარაუდი) და ამ შეხედულებების შენარჩუნება საპირისპირო მტკიცებულებების წინაშე (დაჟინებული შეხედულება). გადაწყვეტილებების შეფასებასთან დაკავშირებით ვცდილობთ კანონზომიერებების დანახვას იქ, სადაც ისინი არ არსებობენ (აკვიატებული მრწამსი) და ვექცევით წარმოდგენილი გადაწყვეტილების ფორმის (სტრუქტურა) გავლენის ქვეშ. აღნიშნული გავრცელებული ხაფანგები გაცილებით უფრო დიდი ოდენობის მეთოდს შორის მხოლოდ რამდენიმე ფორმას წარმოადგენს, რომლითაც ჩვენ ძირითად ადამიანურ ბუნებას შეუძლია ჩვენი შეცდომაში შეყვანა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს.

კოლექტიურმა ინტელექტმა შეიძლება გააუმჯობესოს მოცემული შეხედულებების შედეგები (იხ. “კოლექტიური ინტელექტის გამოყენება უკეთესი გადაწყვეტულებების მიღების მიზნით”, გვ. 46). მაგალითად, მისი მეშვეობით შესაძლებელია განსხვავებულ შეხედულებათა და ინფორმაციათა მიწოდება, რამაც შეიძლება შეაკავოს მიკერძოებული შეხედულებები და აკვიატებული მრწამსი. მრავალფეროვნებას ასევე შეუძლია დახმარების გაწევა აკვიატებულ მრწამსთან და სტრუქტურის უარყოფით გავლენასთან ბრძოლაში. ამ და სხვა უპირატესობების გამო მრავალმა კომპანიამ დაიწყო კოლექტიური ინტელექტის გამოყენება Web 2.0 და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით. ზოგიერთი აპლიკაცია გადაწყვეტილებების გენერირებაზეა კონცენტრირებული. მაგალითად, Innocentive, ვებ-საიტი, რომლის მეშვეობითაც კომპანიებს შეუძლიათ პრობლემების განთავსება და მათი გადაწყვეტის გზების შეთავაზება, სადაც გამარჯვებული იღებს ფულად ჯილდოს. სხვა აპლიკაციების ამოცანა შეფასებაა. მაგალითად, HSX, ესაა სიმულაციური ბაზარი, რომელშიც მომხმარებლებს შეუძლიათ მიმდინარე ფილმების ფიუჩერსების ყიდვა და გაყიდვა და შედეგები წარმოადგენენ ამ გაყიდვებიდან მიღებული ფულადი შესაძლებლობების მაჩვენებელს. ხოლო არსებობენ სხვა აპლიკაციებიც, რომლებიც ეწევიან როგორც გენერაციას, ასევე შეფასებით საქმიანობას. ვებ-საიტი The Digg სთხოვს მონაწილეებს როგორც ისტორიების გამოგზავნას, ასევე, მათთვის ხმის მიცემას და ყველაზე უფრო პოპულარული ჩანაწერები მთავარ გვერდზე ქვეყნდება.

იმის მიუხედავად, თუ რა არის უმთავრესი მიზანი – გადაწყვეტა, შეფასება, თუ ორივე ერთად, – საკუთარი მიზნის მისაღწევად კომპანიებმა სამი ზოგადი მიდგომა უნდა გაითვალისწინონ: მოქმედების რადიუსი, დამატებითი გაერთიანება და თვითორგანიზება. თითოეულ მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე გააჩნია დაა მრავალი გადაწყვეტილება 2.0-ს აპლიკაცია განსხვავებულად ახდენს სხვადასხვა მიდგომის ერთმანეთში შეხამებას.

1. მოქმედების რადიუსი: იდეების შეგროვებისას (გენერირება), ან მათი შეფასებისას კომპანიამ შესაძლოა ისურვოს იმ ადამიანებისა, თუ ჯგუფების მოზიდვა, რომელთა ჩართვაც ტრადიციულად არ მომხდარა. მაგალითად, მას შეიძლება მოუნდეს ორგანიზაციის შიგნით იერარქიული, თუ ფუნქციური წინააღმდეგობების გადალახვა, ან სულაც გარედან დახმარების მიღება. მოქმედების რადიუსის სიდიდე რაოდენობაში აისახება: იმ პირთა წრის გაზრდა, რომლებიც ქმნიან, ან აფასებენ გადაწყვეტებს. ღია პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება შესაძლოა, წარმოადგენდეს დიდი რიცხვების ძალის საუკეთესო მაგალითს. “საკმარისი რაოდენობის თვალებით ყველა შეცდომა წვრილმანია” – ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებული ფრაზა, რომელიც იმას ნიშნავს, რომ პროექტზე მომუშავე საჭირო რაოდენობის ადამიანებს შეუძლიათ ყველა შეცდომის დაფიქსირება. აქ ძირითადი პრინციპი ისაა, რომ არსებობს ხალხი, ვისაც შეუძლია თქვენი დახმარება და უფრო მეტიც, ეს ხალხი ხშირად იმყოფება არა იქ, სადაც თქვენ მოელით. InnoCentive-ზე პრობლემების გადაწყვეტა ხშირად სულ სხვა სფეროდან ხდება.

2. დამატებითი გაერთიანებით კომპანიებს შეუძლიათ მრავალი წყაროდან მოაგროვონ ინფორმაცია, ხოლო შემდეგ მისი ერთგვარი გაშუალედება მოახდინონ. აღნიშნული პროცესის გამოყენება შესაძლებელია გადაწყვეტილების მიმღები ტრადიციული ჯგუფების მიერ მონაცემების შესაგროვებლად, ან ასევე შეიძლება მისი მოქმედების რადიუსთან შეხამება ადამიანთა ფართო წრიდან ინფორმაციის ჩასართავად. არსებითად, აქ მთელი მისი ნაწილების ჯამის (ან მისი ერთგვარი გაშუალედების) ტოლია. ყველაზე მარტივი მაგალითი საკუთარ თავში მოიცავს დიდი რიცხვების კანონის პირდაპირ გამოყენებას – მაგალითად, ადამიანთა ჯგუფისათვის ქილაში დრაჟეს ბურთულების რაოდენობის განსაზღვრის მოთხოვნა, შემდეგ კი ყველა პასუხის გაშუალედება. უფრო კომპლექსური მაგალითები ისეთ აპლიკაციებთანაა დაკავშირებული, როგორიცააა საინფორმაციო, თუ პროგნოზირების ბაზრები. გადამწყვეტი აქ მრავალფეროვნებასა და კომპეტენციას შორის სწორი წონასწორობის შენარჩუნებაა. გამოყენების სფეროდან გამომდინარე, ორივე სხვადასხვა ხარისხითაა აუცილებელი. მაგალითად, კომპანიაში Best Buy Co. Inc. შიდა საინფორმაციო ბაზრები პროგნოზირების გარკვეული რაოდენობის საქმიანობაში გამოიყენება. აქედან ზოგიერთი ამოცანა წარმატებით იქნა გადაწყვეტილი. თუმცა, შიდა საინფორმაციო ბაზარი დაბალი შედეგებით ხასიათდება, როდესაც საქმე კონკურენციასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, რაზეც როგორც ჩანს, საუკეთესო ფასად შემსყიდველ თანამშრომლებს შეზღუდული ცოდნა გააჩნიათ.

3. თვითორგანიზების მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯგუფის წევრებს შორის ურთიერთობას, შეუძლიათ იმ მდგომარეობამდე მიყვანა, სადაც მთელი უფრო მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი. თვითორგანიზების მსგავსი კონსტრუქციული გამოყენების მაგალითები, როცა ურთიერთქმედებები დამატებით ღირებულებას წარმოქმნის, არის ვიკიპედია, ინტელიპედია (ვიკიპედიის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ვერსია სადაზვერვო საზოგადოებისათვის) და Digg. მსგავსი აპალიკაციები ადამიანებს აძლევენ ღირებულების შექმნის საშუალებას, სადაც ხდება სხვა მონაწილეთა წვლილის დამატება თუ გაუქმება. თუმცა, არსებობს ერთი საფრთხე: თუკი ურთიერთქმედების მექანიზმები არასწორადაა შემუშავებული, მთელი შეიძლება გაცილებით უფრო ნაკლები აღმოჩნდეს, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი. ჯგუფური აზროვნება თვითორგანიზების მეორე მხარის მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია.

საკვანძო საკითხები

აპლიკაცია, რომელიც გადაწყვეტილების მისაღები პროცესის გაუმჯობესებისათვის კოლექტიურ ინტელექტს იყენებს, შეიძლება იყოს მარტივი კონცეფციის მქონე, მაგრამ ამასთანავე უკიდურესად კომპლექსური გამოყენების დროს. როგორც მრავალი სისტემის შემთხვევაში, ეშმაკი რა თქმა უნდა, დეტალებში იმალება. სულ მცირე, მენეჯერებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები.

კონტროლი. ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რომელიც საერთოა ყველა კოლექტიური ინტელექტის ფორმისთვის, არის კონტროლის დაკარგვა, რაც სხვადასხვანაირად შეიძლება გამოიხატოს. ერთ-ერთი მათგანი უბრალოდ არასასურველი შედეგებია – გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, რომელმაც კომპანია შეიძლება დააზიანოს, რაც ან მენეჯერების აზროვნების ნაკლოვანებებზე მეტყველებს, ან კიდევ კოლექტიური ინტელექტის არასათანადო გამოყენებაზე. კიდევ სხვა ფაქტორია – არაპროგნოზირებადობა – როდესაც გადაწყვეტილება შეიძლება თავისთავად არ იყოს ცუდი, მაგრამ ორგანიზაცია არაა მზად მის მისაღებად. მესამე მიზეზი გადაუნაწილებელი პასუხისმგებლობაა – ვინ აგებს პასუხს გუნდურად მიღებულ ცუდ გადაწყვეტილებაზე? გარდა ამისა, საჭიროა, რომ კომპანიებს ახსოვდეთ შესაძლო ჯაჭვური რეაქციის ეფექტი. თვითორგანიზების მეშვეობით, მოსაზრებამ შეიძლება მიიღოს არახაზოვანი ბიძგი თვითგაძლიერების საფუძველზე. ამან შესაძლოა საზოგადოებასთან ურთიერთობის კოშმარებამდე მიგვიყვანოს, თუკი ჯგუფი ისეთი წევრებისაგან შედგება, ვინც ორგანიზაციას არ მიეკუთვნება. შესაბამისად, კონტროლთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის იმის განსაზღვრა, ღირს თუ არა პროცესში გარეშე პირების ჩართვა.

გადაწყვეტილების მიმღებ პირთა წრის ორგანიზაციის გარეთ გაფართოების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება გართულებული უნდა იყოს. თქვენ არა მხოლოდ უზიარებთ ინფორმაციას თქვენი ორგანიზაციის შესახებ გარესამყაროს, არამედ ასევე ქმნით ფორუმს გარეშე პირთათვის, ვისაც ხშირად განსხვავებული ინტერესები შეიძლება გააჩნდეთ. თუკი ჯგუფი მოულოდნელად და სავარაუდოდ ზიანის მომტანი მიმართულებით გადაუხვევს, მიყენებული ზარალის შეკავება რთული (და ძვირი) იქნება. ბოთლიდან გამოსული ჯინის უკან შედევნა შეუძლებელია. მეორე მხრივ, მრავალფეროვნებისა და გარესამყაროს გამოცდილების გამოყენებამ, მართებული განხორციელებისას, შესაძლოა მნიშვნელოვანწილად უკეთეს შედეგებამდე მიგვიყვანოს.

მრავალფეროვნება თუ კომპეტენცია? როგორც ადრე აღინიშნა, ჯგუფის საშუალებით გადაწყვეტილების მიღება კომპანიისაგან მრავალფეროვნებასა და გამოცდილებას შორის მართებულ წონასწორობას საჭიროებს. გარკვეული პრობლემა სხვებზე მეტად ექვემდებარება მრავალფეროვნებაზე დაფუძნებულ მიდგომას, მაგრამ ვერანაირი მრავალფეროვნება ვერ დაგეხმარება, თუკი მონაწილეები საერთოდ ვერ ერკვევიან საკითხებში. კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია მრავალფეროვნების ფაქტობრივი შემადგენლობა: იქიდან გამომდინარე, რომ გამოკითხვებში შეიძლება არსებობდეს წინასწარგანსაზღვრული არჩევანი, ასევე შესაძლებელია დიდი მოცულობის პოპულაციის მრავალფეროვნების გამრუდება, რაც დამახინჯებული გადაწყვეტილებების მიღებამდე მიგვიყვანს. ამგვარად, საჭიროა, ორგანიზაციებმა გადაწყვიტონ, თუ როგორი ხალხი მოიზიდონ, რათა მათი უნარების საფუძველზე შეძლონ პრობლემის არსის გაგება და კოლექტიურად მისი დადებითად გადაწყვეტა.

განვიხილოთ ფინური საფეხბურთო კლუბის, პალოკერჰო-35 (პკ-35) ყურადსაღები ისტორია. რამდენიმე წლის წინ გუნდის მწვრთნელმა გულშემატკივრებს შემადგენლობის, ვარჯიშისა და ასევე, ტაქტიკის შემუშავებაში მონაწილეობა შესთავაზა, მისცა რა მათ საშუალება, თავიანთი მობილური ტელეფონების მეშვეობით მიეცათ ხმა. სამწუხაროდ, სეზონი კატასტროფულად დასრულდა, რის გამოც PK-35-მ მწვრთნელი სამსახურიდან გაათავისუფლა და უარი თქვა გულშემატკივრების ინიციატივაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მეთოდებზე. აქ გასათვალისწინებელი ისაა, რომ მრავალი შეთავაზება შედეგის ხარისხის უზრუნველსაყოფად დიდი რაოდენობით მონაწილეს საჭიროებს. თუმცა, სასარგებლო წვლილის შესატანად ამ ადამიანებს აუცილებელი ცოდნა უნდა გააჩნდეთ.

სხვა გადაწყვეტილებები მოითხოვს მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეიძლება გააჩნდეს როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მოცემული შემთხვევებისთვის ისეთ ტრადიციულ საშუალებებს, როგორიცაა Delphi-ს მეთოდი, პროგნოზირებისადმი სისტემატური და ინტენსიური მიდგომა, შეუძლიათ ხელი შეუწყონ ხარისხიანი გადაწყვეტილებების მიღებას. თუმცა, ზოგიერთი კომპანია უფრო ახალი მიდგომების შესაძლებლობას იკვლევს. მაგალითად, კომპანიამ “HP Labs” შეიმუშავა საინტერესო გადაწყვეტილება პროგნოზირების ბაზრის დახმარებით მომცრო ჯგუფის კოლექტიური ინტელექტის ძალის გამოსაყენებლად. მოცემული მიდგომა იძლევა საშუალებას მარტივი თამაშის მეშვეობით მოხდეს მონაწილეთა რისკის განსაზღვრა, რის შემდგომაც ეს ინფორმაცია გამოიყენება ბაზრის ქცევის კორექტირებისათვის.

ჩართულობა. მიზეზები, რომელიც ადამიანებს კოლექტიურ საქმიანობაში მონაწილეობისკენ უბიძგებს, შეიძლება ერთმანეთისაგან განსხვავდებოდეს. ისეთი სტიმული, როგორიცაა ფულადი ჯილდო, პრიზები და წახალისების სხვა სახეები, შეიძლება ეფექტური იყოს ადამიანების ისეთი ტიპის საქმიანობებში მონაწილეობის სტიმულირებისათვის, როგორიცაა პროგნოზირების ბაზრები, რომელთათვისაც კონკრეტულ ჯილდოს დიდი მნიშვნელობა გააჩნია. სხვა შემთხვევებში – მაგალითად, ვებ-საიტზე Threadless მაისურის დიზაინის გაგზავნისას – ფულად ჯილდოს, როგორც ჩანს, უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე აღიარებას.

შემოსავლის მომტანი სტიმულებიც ასევე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. როგორც ღია წყაროს მოძრაობამ, ვიკიპედიამ და სხვა მსგავსმა პროექტებმა აჩვენეს, საზოგადოებაში მონაწილეობის მიღება, ცოდნისა, თუ გამოცდილების გაზიარების სურვილი, ასევე, სამოქალაქო პასუხისმგებლობა მძლავრი მოტივატორი შეიძლება იყოს. მიმდინარე შიდა მცდელობებისათვის თანამშრომელთა მაღალი დონის ჩართულობის შენარჩუნება შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. კორპორაციაში Google ახალი თანამშრომლები ყველაზე მეტ ინტერესს ორგანიზაციის პროგნოზირების შიდა ბაზრებისადმი ავლენენ და მათში ერთვებიან, თუმცა, დროთა განმავლობაში მათი ინტერესი ნავლდება. ამგვარად, ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ ახალი, ენთუზიაზმით სავსე მონაწილეთა უწყვეტი მოდინება, რათა შეინარჩუნონ ჩართულობის მაღალი დონე, ან დიდი ხნის მანძილზე ადამიანთა მოტივაციის შესანარჩუნებლად მათ უნდა უზრუნველყონ სტიმულირება.

წესრიგის დაცვა. როდესაც ადამიანებს გადაწყვეტილების მიღებაში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალება ეძლევათ, ზოგიერთი მათგანის მიერ შეცდომის დაშვების ალბათობა ჯგუფის ზომის ზრდასთან ერთად მატულობს. მსგავსი დარღვევების სამართავად ეფექტური შეიძლება იყოს ურთიერთკონტროლი ისეთ სიტუაციებში, რომლებშიც ნაგულისხმევი ეთიკური კოდექსი ადამიანებს ქცევის რეგულირებაში ეხმარება. თუმცა, საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნვამ შეიძლება უარყოფითი გავლენაც მოახდინოს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გადაჭარბებულად მოძველებული გადაწყვეტილებების მიღება იმდენად, რამდენადაც მონაწილეები შეცდომის დაშვებას ზედმეტად უფრთხიან. ზოგიერთ კოლექტიურ საქმიანობას, როგორიცაა პროგნოზირების ბაზრები, შესაძლოა დასჭირდეს ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის მსგავსი ცენტრალური ორგანო, რათა აღკვეთოს ბაზრით მანიპულირების ნებისმიერი მცდელობა.

ინტელექტუალური საკუთრება. კიდევ ერთ პრობლემას ინტელექტუალური საკუთრება წარმოადგენს და მოცემული საკითხი ორი სახით ვლინდება. ყველაზე უფრო თვალსაჩინოა ის, რომ კომპანიამ უნდა გაასაჯაროოს ინფორმაცია საკუთარი პრობლემების შესახებ, რათა სხვები დააფიქროს მათ შესახებ; და მსგავს გამჭვირვალობასა და მართვაზე ორიენტირებული ადაპტაცია მრავალი ბიზნესისათვის შეიძლება რთული იყოს. განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც საგანგებოდ მალავდნენ თავიანთ ინტელექტუალურ საკუთრებას. მეორეც, როდესაც კომპანია საკუთარ ფარგლებს გარეთ ეძებს იდეებს, მას სჭირდება განსაზღვროს, მიიღებს თუ არა მიღებულ ინტელექტუალურ საკუთრებაზე საკუთრების უფლებას და როგორ მოახერხებს ამას (ასევე, ის უნდა დარწმუნდეს, რომ ინტელექტუალური საკუთრება ეკუთვნის მონაწილეს).

მექანიზმის დიზაინი

შესაძლოა, ყველაზე რთული საკითხი აღმოჩნდეს მექანიზმის შემუშავება, რომელიც მრავალ საბაზისო კითხვას უნდა პასუხობდეს. მაგალითად, კოლექტივის ყველა მონაწილეს უნდა გააჩნდეს თუ არა თანაბარი უფლება, თუ ზოგიერთის ხმას მეტი წონა უნდა ჰქონდეს? და უკანასკნელ შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს ამ განსაკუთრებული პიროვნებების შერჩევა? მართლაც, კოლექტიური გადაწყვეტილებების მისაღებად სწორი მექანიზმების შემუშავება არ წარმოადგენს მარტივ და სწორხაზოვან ამოცანას, არამედ “თამაშის წესებმა” შედეგზე უდიდესი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს.

მექანიზმის შემუშავებასთან დაკავშირებული სხვა ფუნდამენტალური კითხვა ეხება იმას, გადაწყვეტილების მიღების პროცესი განაწილებული უნდა იყოს, თუ დეცენტრალიზებული? გადაწყვეტილების განაწილებულად მიღების შემთხვევაში, რომელიც კოლექტიური ინტელექტის ყველაზე უფრო გავრცელებულ სახეს წარმოადგენს, ერთი გადაწყვეტილების მიღებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს. დეცენტრალიზებულ შემთხვევაში კი მრავალ ადამიანს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების საშუალება. განვიხილოთ ისეთი ვებ-საიტები, როგორიცაა ManyEyes და Swivel, სადაც მონაწილეებს შეუძლიათ მონაცემთა ნაკრების სხვებისთვის ატვირთვა მარტივად გამოსაყენებელი საშუალებების შესასწავლად. დავუშვათ, მავანმა კონკრეტული გეოგრაფიული რაიონის ნახშირორჟანგის მონაცემები ატვირთა, სხვამ კი ინფორმაცია იგივე რაიონში მეზობელი საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ, მაშინ მესამე ადამიანს შეუძლია შეისწავლოს მონაცემთა ეს ორი ნაკრები, რათა გაარკვიოს მათ შორის კავშირის არსებობა. სტიქიური უბედურებების, 2004 წლის ცუნამიდან კატრინას ქარიშხლამდე შედეგების აღმოფხვრის მრავალრიცხოვანმა მაგალითმა თვალსაჩინო გახადა კლიენტებთან მუშაობის დროს გადაწყვეტილების დეცენტრალიზებულად მიღების ძალა. აღნიშნულ ვითარებებში ცენტრალური ბიუროკატების მიერ შემუშავებული გეგმები ჩვეულებისამებრ იმსხვრევა. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომლის მიხედვითაც მთავარ ოფისში მიღებული გადაწყვეტილებები ადგილობრივ თუ საველე რეალობებთან შეუსაბამონი შეიძლება აღმოჩდნენ. მათი კოლექტიური ინტელექტის გამოყენება, ვინც ადგილზე გადაწყვეტილების მიმღებთათვის საჭირო ინფორმაციას ფლობს, შეიძლება წარმატებისკენ მიმავალი უფრო სანდო გზა აღმოჩნდეს, ვიდრე “ზევიდან ქვევით” შაბლონური გადაწყვეტილებების მიღება. ასეთ სიტუაციებში, ინფორმაციის გადაცემის ეფექტურ შუამავლად ქცევით, ორგანიზაციას შეუძლია დაეხმაროს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

ამ ეტაპამდე, გადაწყვეტილების კოლექტიურად მიღების პროცესი ძირითადად ემპირიულ მონაცემებს ეყრდნობოდა და ვიკიპედიას მსგავს ყოველ წარმატებულ ისტორიაზე უამრავი პროექტი მოდის, რომლებმაც მექანიზმის მცდარი დიზაინის გამო წარუმატებლობა განიცადეს. და ისეთი აპლიკაციაც კი, როგორიცაა ვიკიპედია, რომელიც ერთი შეხედვით მარტივი შეიძლება მოგეჩვენოთ, საგანგებოდ შერჩეული რედაქტორების რთულ იერარქიას ეფუძნება. წარმატებული მექანიზმის აგებულებაში მცირე ცვლილებებმაც კი შეიძლება დიდ, გაუთვალისწინებელ უარყოფით შედეგებამდე მოგვიყვანოს. საბოლოო ჯამში, ზოგიერთმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა ზუსტად უპასუხოს მოთხოვნას. მაგალითისათვის გამოდგება Intellipedia, შეერთებული შტატების სადაზვერვო გაერთიანებისათვის შემუშავებული ინსტრუმენტი, რომელიც ვიკიპედიას დიზაინის პირდაპირი ასლია.

წარმატების განსაზღვრა/ფორმულირება

კომპანიებმა გადაწყვეტილება 2.0 აპლიკაციები სხვადასხვა მიზნით დანერგეს. მათ შორის, შესწავლისა და შემუშავებისათვის, ბაზრის კვლევისთვის, კლიენტების მომსახურებისა და ცოდნის მართვისთვის. რა თქმა უნდა, აპლიკაციის ტიპი გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი წარმატების შეფასება, მაგრამ მენეჯერებს უნდა ახსოვდეთ, რომ ზოგიერთი ძირითადი მეტრიკის განსაზღვრა პროცესის თუ მომდევნო ეტაპზე არა, სულ ბოლო მომენტში მაინცაა შესაძლებელი. მაგალითად, საინფორმაციო ბაზარზე შედგენილი პროგნოზის სიზუსტის შეფასება მხოლოდ შემთხვევის განხორციელების შემდეგ შეიძლება. ასეთ დროს, საბოლოო შეფასებამდე მენეჯერებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ძირითადი მონაცემების, როგორც აპლიკაციის შეფასებასთან დაკავშირებული ნიშნების გამოყენების შესაძლებლობა (მაგ: მივყავართ თუ არა კოლექტიურ ინტელექტს უკეთეს გადაწყვეტილებებამდე?). მაგალითად, საინფორმაციო ბაზარზე ძირითადი მეტრიკა შეიძლება იყოს მონაწილეთა რაოდენობა და დემოგრაფიული განსხვავებულობა.

მართალია, ძირითადი მეტრიკაც და მაჩვენებლები შეიძლება თავად აპლიკაციის შესაბამისად იცვლებოდეს, მაგრამ ერთ-ერთი უნივერსალური ძირითადი მაჩვენებელი არის ჩართულობა – მოახდინა თუ არა აპლიკაციამ სტიმულირება და მნიშვნელოვნად უზრუნველყო თუ არა ადამიანების აქტიური მონაწილეობის შენარჩუნება. ჩართულობა სერიოზულად უნდა აღვიქვათ. მართლაც, გადაწყვეტილებები 2.0-ს პროექტების დიდი ნაწილისათვის, რომელთაც წარუმატებლობა განიცადეს, როგორც ჩანს, ამის უმთავრესი მიზეზი ჩართულობის არარსებობაა. მონაწილეები მოელიან, რომ მათდამი გარკვეული სახის დამოკიდებულება ექნებათ და უფრო ხშირად მათ სურთ, რომ აპლიკაციის ორგანიზატორები ასევე იყვნენ ჩართულები.

მთლიანობაში, გადაწყვეტილებები 2.0-ს მრავალი აპლიკაციის ეფექტურობა სხვადასხვა მიზეზით ოპტიმალურზე დაბალი იყო. პირველ რიგში, მრავალი ინსტრუმენტი არ იძლევა ინფორმაციას მონაწილეების შესახებ, რაც შედეგების სიზუსტეს ეჭვის ქვეშ აყენებს და პროცესით მანიპულირების შესაძლებლობას ქმნის. გარდა ამისა, აპლიკაციებში ხშირად არაა მოცემული რაიმე სახის განსჯის პროცესი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს გარანტიის გარკვეული ხარისხი. სხვა მხრივ, შესაძლებელია ისეთი აპლიკაციების მართვაც, რომელთაც უამრავი მონაწილე ჰყავთ. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია ვიკიპედია. თუმცა, სხვაც უამრავია. მაგალითისთვის, Delicious – ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს ინტერნეტში სპეფიალური საკვანძო სიტყვების მონიშვნის საშუალებას, რითაც ამ საიტების შესახებ სასარგებლო მეტამონაცემებით გვამარაგებს.

თუმცა, რჩება აქტუალური კითხვა: კოლექტიური ინტელექტი ნამდვილად ახდენს თუ არა მაკორექტირებელ გავლენას გადაწყვეტილების მიღებაზე? ამ კითხვას მარტივი პასუხი არ გააჩნია. 2006 წლის შეერთებული შტატების არჩევნებამდე ვებ-გვერდმა Intrade ზუსტად განჭვრიტა, რომ დემოკრატები კონგრესის ორივე პალატაში გაიმარჯვებენ, რაც ბევრმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა და ექსპერტმა ვერ გათვალა. თუმცა, 2008 წელს, კომპანიამ აღმოაჩინა, რომ პროგნოზირების ბაზრის მხოლოდ ერთმა წევრმა გამოიწვია პროგნოზების უჩვეულო აფეთქება იმის თაობაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე სენატორი ჯონ მაკეინი დაამარცხებდა სენატორ ბარაკ ობამას. სხვა დაფიქსირებულ შემთხვევებს შორის დამტკიცდა, რომ გადაწყვეტილებების კოლექტიურად მიღების პროცესი არაობიექტურია. მაგალითად, საინფორმაციო ბაზრებზე აღნიშნულმა გავლენებმა თავი შეიძლება იგივე დოზით იჩინოს, როგორც ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების დროს: შაბლონების აკვიატება, ჩარჩოებით შეზღუდვა და ა.შ.

მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილებები 2.0 აპლიკაციები, როგორც წესი, პრაქტიკაზე უკეთ მუშაობენ, ვიდრე არსებული თეორიებით შეიძლება ამის წინასწარ პროგნოზირება. როგორც კოლექტიური ინტელექტის სფეროს ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიკიპედია წარუმატებელი იქნებოდა. ჩემთვის ეს ჯერ კიდევ საიდუმლოა, თუ რატომ მუშაობს ის ასე კარგად, როგორც მუშაობს. თუმცა, დავაფასე ის ხარისხი, რომლამდეც ხალხი საკუთარი თავის გამოხატვას ცდილობს, ვიკიპედიას (და მისი მრავალი შვილობილის) ხარისხი ჯერ კიდევ გასაოცარია. დღეს, პროგნოზირების ბაზრების თვალში საცემი გამონაკლისის გათვალისწინებით (რომელთათვისაც დიდი მოცულობის სამუშაო გვეხმარება გავიგოთ, თუ რა მუშაობს და რატომ), კოლექტიური ინტელექტის სფეროში პრაქტიკა ჯერაც წინ უსწრებს თეორიას.

თუმცა, ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ავხსნათ გადაწყვეტილებები 2.0-ს მრავალი ინიციატივის წარმატება, არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად ცუდია. სინამდვილეში, ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ მრავალ საშუალებას, რომელშიც ბოლომდე ვერ ვერკვევით – მაგალითად, ჩვენი ინტუიცია. ამ შემთხვევაშიც, კვლევებსა და თეორიებში წინსვლამ – და წარმატების უფრო ზუსტი მაჩვენებლების შემუშავება – უნდა მიგვიყვანოს პრაქტიკული დიზაინის არსებით განვითარებამდე და გადაწყვეტილებები 2.0-ს სხვადასხვა აპლიკაციის განხორციელებამდე. ამისთვის მკვლევართა რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის, HP Laboratories და კორპორაცია International Business Machines მუშაობს იმაზე, რომ გაიგონ წარმატებული აპლიკაციების, Digg და ვიკიპედიას დინამიკა.

ამჟამად თეორიის არარსებობის გათვალისწინებით, სხვადასხვა აპლიკაციის მიმოხილვას ორ საერთო დაკვირვებამდე მივყავარ. პირველი, საერთო ამოცანების შემთხვევაში, კოლექტიური ინტელექტის ძლიერი მხარე, როგორც წესი, ინდივიდუალური შეხედულებების დახვეწაა. ჩემი აზრით, ჩვენ, როგორც ინდივიდები, გაცილებით უფრო სუსტი მკვლევარები ვართ, ვიდრე შემფასებლები და ჩვენი ევრისტიკის ნაკლოვანებების მიუხედავად, საკმაოდ წარმატებულები ვართ კანონზომიერებების აღმოჩენაში. შესაბამისად, კოლექტიური მიდგომის საფუძველზე იდეების გენერირებით კომპანიები უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ, ვიდრე მათი შეფასებისაგან.

მეორეც, აპლიკაციების უმრავლესობის გასაოცარ თავისებურას წარმოადგენს ის, რომ უკუკავშირის რგოლი გენერაციასა და შეფასებას შორის, როგორც წესი, სუსტია, ან საერთოდ არ არსებობს. აქ ეფექტური მოდელი შეიძლება მოგვცეს განსხვავებისა და ბიოლოგიური ევოლუციიდან შერჩევის ფუნდამენტურმა მექანიზმმა. შეიძლება მოხდეს იდეების გენერირება და შეფასება და აღნიშნული შეფასების შედეგების გამოყენება შესაძლებელია იდეათა შემდეგი თაობის შექმნისას. მაგალითად, კორპორაცია Affinnova, რომლის საქმიანობაც ბაზრის კვლევაა, მომხმარებლებთან კოლექტიურ უკუკავშირს იყენებს პროდუქციის დიზაინის ახალი თაობის შესაქმნელად, რომელსაც კოლექტივი ხელახლა აფასებს. კომპანიებმა უნდა განიხილონ ასეთი უკუკავშირების ციკლების უფრო ხშირი გამოყენების შესაძლებლობა იმდენად, რამდენადაც მრავალჯერადი პროცესი კოლექტივის ძალას უფრო სრულად ავლენს.

ის, რომ კოლექტიური ინტელექტი საერთოდ შესაძლებელი რამაა, სიახლეს არ წარმოადგენს. თუმცა, აქამდე ჩარლზ მაკეის 1841 წელს გამოცემული წიგნი “განსაკუთრებულად გავრცელებული ბოდვები და მასების უგუნურება”, ასახავდა სამუშაოზე მყოფი კოლექტივის სტანდარტულ კონცეფციას. ამ წიგნის მიხედვით, კოლექტივის ადამიანური დინამიკის ყველაზე უფრო მოსალოდნელი შედეგი ბაზარზე წარმოქმნილი ილუზიები, არასტაბილურობა და ქაოსია. და მართლაც, სატელევიზო შოუ “ამერიკელი კერპი” და Google-ს Zeitgeist-ს მიხედვით, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად დასმულ საძიებო კითხვებს ასახავს, არაა აუცილებელი, რომ მასას კარგი გემოვნება გააჩნდეს. მასა არც ექსპერტებზე უკეთ ხსნის გარკვეულ საკითხებს.

თუმცა, სულ უფრო მეტმა აპლიკაციამ აჩვენა, რომ ადამიანთა მრავალფეროვან, დამოუკიდებელ და საკმარისად ინფორმირებულ ჯგუფს შეუძლია თვით საუკეთესო ინდივიდუალური შეფასებისა და გადაწყვეტილების დაჯაბვნა. მართლაც, ჯეიმს სუროვეცკის 2004 წელს გამოცემულ წიგნში “მასების სიბრძნე” (მაკეის კლასიკური წიგნის სახელწოდების კვალდაკვალ) თავმოყრილია მსგავსი მაგალითების ნაკრები. უკიდურეს შემთხვევაში, ადამიანთა სხვადასხვა ფორმატში გამაერთიანებელი ინტერნეტ-საშუალებების გაჩენამ რეალური გახადა გადაწყვეტილების კოლექტიურად მიღების უნარის გამოყენების სხვადასხვა მექანიზმით ექსპერიმენტირება. გარდა ამისა, ვებ 2.0 აპლიკაციების ფართო ხელმისაწვდომობამ მოგვცა ის, რომ სულ უფრო მრავლდება პროფესიონალი მოყვარულების რაოდენობა: ორნითოლოგიიდან ფოტოგრაფიამდე – ადამიანებმა, რომელთაც ადრე ჰქონდათ მისწრაფებები, მაგრამ არ გააჩნდათ საშუალებები, ახლა უკვე მიიღეს ტექნოლოგიები, რომლებიც მათ პროფესიონალურ დონეზე მუშაობის საშუალებას აძლევს.

მთავარი არსი არის შემდეგში: კომპანიის მრავალი პრობლების გადასაჭრელი პოტენციური გამოსავალი არსებობს ტრადიციული ადგილებისაგან იმაზე უფრო შორს, რომელიც მენეჯერებმა შეიძლება იპოვონ როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა, ხრიკი მოცემული წყაროს კვლევისათვის სწორი ინსტრუმენტის შემუშავებასა და მის შემდგომ გამოყენებაში მდგომარეობს. სინამდვილეში, მართალია ისეთი წარმატებული პროექტი, როგორიცაა ვიკიპედია, ერთი შეხედვით მარტივი შეიძლება ჩანდეს, მაგრამ ამ სიმარტივის იქით კოლექტიური ინტელექტის ძალის გამოყენების რთული საბაზო მექანიზმი იმალება. შესაბამისად, გადაწყვეტილებები 2.0-ს აპლიკაციის შემქმნელ არცერთ კომპანიას არ აწყენდა ზოგიერთი ისეთი ფუნდამენტური საკითხის გაგება, როგორიცაა მრავალფეროვნებასა და გამოცდილებას შორის წონასწორობა, ასევე, განსხვავება გადაწყვეტილების მიღების დეცენტრალიზებულ და გადანაწილებულ ფორმებს შორის. დაბოლოს, ასეთი საბაზისო ცოდნის გარეშე კომპანია ადვილად შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ის მასების უგნურებას იყენებს და არა მათ სიბრძნეს.

წყარო: https://sloanreview.mit.edu/article/decisions-20-the-power-of-collective-intelligence/

ჯორჯო აგამბენი – რექვიემი სტუდენტებისთვის

In Uncategorized on თებერვალი 23, 2021 at 6:16 PM

როგორც მოსალოდნელი იყო, მომავალი წლიდან საუნივერსიტეტო ლექციები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ზუსტად ახდა ის, რაც დაკვირვებული თვალისათვის აშკარა იყო, ანუ ე.წ. პანდემიის გამოყენება ციფრული ტექნოლოგიების ყოველდღიურად მზარდი გავრცელების გასამართლებლად.

აქ ნაკლებად გვაინტერესებს დიდაქტიკის შემდგომი ტრანსფორმაცია, რომელშიც სტუდენტებსა და პროფესორებს შორის ურთიერთობის ყველა დროში ეგზომ მნიშვნელოვანი ფიზიკური თანდასწრების ელემენტი საბოლოოდ ისევე გაქრება, როგორც სემინარებზე კოლექტიური დისკუსიები, რაც სწავლების ყველაზე არსებით ნაწილს წარმოადგენდა. ტექნოლოგიური ბარბაროსობის შემადგენელი ნაწილია, როდესაც ხანგრძლივად ვიმყოფებით რა აჩრდილების ტყვეობაში, ცხოვრების ყველანაირი გამოცდილებიდან გრძნობებისა და ხედვის წაშლის მომსწრენი ვხდებით.

მიმდინარე მოვლენებს შორის ყველაზე უფრო გადამწყვეტი ისაა, რომლის შესახებაც საერთოდ არ საუბრობენ, ანუ სტუდენტობის, როგორც ცხოვრების ფორმის დასასრული. ევროპაში უნივერსიტეტები სტუდენტური გაერთიანებებისაგან – universitates – წარმოიშვა და ამ უკანასკნელთაგან იღებენ თავიანთ სახელწოდებას. სტუდენტის ცხოვრების წესი უპირველეს ყოვლისა იყო ცხოვრების ფორმა, რომლის განმსაზღვრელს, რა თქმა უნდა, სწავლა და ლექციების მოსმენა წარმოადგენდა. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სხვა სწავლულებთან (Scholarii) შეხვედრა და განუწყვეტელი აზრთაცვლა, რომლებიც წარმოშობით ხშირად ყველაზე შორეული ადგილებიდან იყვნენ  და ერთიანდებოდნენ წარმომავლობის მიხედვით nationes-ებში. ცხოვრების მოცემული ფორმა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვანაირად, მაგრამ უწყვეტად განვითარდა შუასაუკუნეების მოხეტიალე სამღვდელოებით (clerici vagantes) დაწყებული მეოცე საუკუნის სტუდენტური მოძრაობებით დასრულებული, ფენომენის საზოგადოებრივ განზომილებას წარმოადგენდა. ნებისმიერმა, რომელსაც უნივერსიტეტის აუდიტორიაში უსწავლებია, კარგად უწყის, რომ ასე ვთქვათ, მათ თვალწინ ხდებოდა დამეგობრებები და კულტურული, თუ პოლიტიკური ინტერესების მიხედვით სასწავლო და კვლევითი მცირე ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებიც ერთმანეთთან შეხვედრას ლექციის შემდეგაც აგრძელებდნენ.

ყოველივე ამას, რაც თითქმის ათი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა, ამჟამად სამუდამოდ ესმევა წერტილი. ამიერიდან სტუდენტები არ იცხოვრებენ ქალაქებში, სადაც უნივერსიტეტი მდებარეობს, არამედ თითოეული ლექციას თავის ოთახში ჩაკეტილი მოისმენს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ასობით კილომეტრით იყოს დაშორებული იმათგან, ვინც ერთ დროს მის ამხანაგებს წარმოადგენდა. პატარა ქალაქები, ერთ დროს პრესტიჟული საუნივერსიტეტო ცენტრები, თავიანთი ქუჩებიდან სტუდენტების იმ ჯგუფთა გაქრობის მომსწრენი იქნებიან, რომლებიც ხშირად მათ ყველაზე გამორჩეულ ნაწილს შეადგენდა.

ყველა მომაკვდავი სოციალური მოვლენის შესახებ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად იმსახურებდა თავის აღსასრულს და აშკარაა, რომ ჩვენი უნივერსიტეტები ისე წახდა და სპეციალობის შიგნით ისეთ უმეცრებას მიაღწიეს, რომ შეუძლებელია მათზე გული დაგწყდეთ და აქედან გამომდინარე, სტუდენტების ცხოვრების ფორმა კიდევ უფრო გაღარიბდა. თუმცა, ორი რამ უცვლელად უნდა დარჩეს:

1) პროფესორები, რომლებიც ეთანხმებიან – როგორც ამას მასიურად ახორციელებენ – ახალი ტელემატიკური დიქტატურისადმი მორჩილებას და საკუთარი კურსების მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ჩატარებას, იდეალური სიზუსტით გვანან იმ უნივერსიტეტის დოცენტებს, რომლებმაც 1931 წელს ფაშისტურ რეჟიმს შეჰფიცეს ერთგულება. ისევე როგორც მაშინ, სავარაუდოდ ათასიდან მხოლოდ თხუთმეტი იქნება წინააღმდეგი, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მათი სახელები იმ თხუტმეტთან ერთად იქნება დამახსოვრებული, ვინც ფიცი არ დადო.

2) სტუდენტებმა, ვისაც სინამდვილეში უყვართ სწავლა, არ უნდა ჩააბარონ ამგვარად სახეშეცვლილ უნივერსიტეტებში და როგორც დასაწყისში იყო, უნდა შექმნან ახალი უნივერსიტეტები, რომელთა ფარგლებშიც, ტექნოლოგიური ბარბაროსობის პირისპირ, შესაძლებელი გახდება წარსულის ცოცხალი სიტყვის შენარჩუნება და თუ დაიბადება, შეიქმნას რაღაც ისეთი, როგორიცაა ახალი კულტურა.

2020 წლის 24 მაისი