georgianeli

Archive for თებერვალი, 2021|Monthly archive page

ჯორჯო აგამბენი – რექვიემი სტუდენტებისთვის

In Uncategorized on თებერვალი 23, 2021 at 6:16 PM

როგორც მოსალოდნელი იყო, მომავალი წლიდან საუნივერსიტეტო ლექციები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ზუსტად ახდა ის, რაც დაკვირვებული თვალისათვის აშკარა იყო, ანუ ე.წ. პანდემიის გამოყენება ციფრული ტექნოლოგიების ყოველდღიურად მზარდი გავრცელების გასამართლებლად.

აქ ნაკლებად გვაინტერესებს დიდაქტიკის შემდგომი ტრანსფორმაცია, რომელშიც სტუდენტებსა და პროფესორებს შორის ურთიერთობის ყველა დროში ეგზომ მნიშვნელოვანი ფიზიკური თანდასწრების ელემენტი საბოლოოდ ისევე გაქრება, როგორც სემინარებზე კოლექტიური დისკუსიები, რაც სწავლების ყველაზე არსებით ნაწილს წარმოადგენდა. ტექნოლოგიური ბარბაროსობის შემადგენელი ნაწილია, როდესაც ხანგრძლივად ვიმყოფებით რა აჩრდილების ტყვეობაში, ცხოვრების ყველანაირი გამოცდილებიდან გრძნობებისა და ხედვის წაშლის მომსწრენი ვხდებით.

მიმდინარე მოვლენებს შორის ყველაზე უფრო გადამწყვეტი ისაა, რომლის შესახებაც საერთოდ არ საუბრობენ, ანუ სტუდენტობის, როგორც ცხოვრების ფორმის დასასრული. ევროპაში უნივერსიტეტები სტუდენტური გაერთიანებებისაგან – universitates – წარმოიშვა და ამ უკანასკნელთაგან იღებენ თავიანთ სახელწოდებას. სტუდენტის ცხოვრების წესი უპირველეს ყოვლისა იყო ცხოვრების ფორმა, რომლის განმსაზღვრელს, რა თქმა უნდა, სწავლა და ლექციების მოსმენა წარმოადგენდა. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სხვა სწავლულებთან (Scholarii) შეხვედრა და განუწყვეტელი აზრთაცვლა, რომლებიც წარმოშობით ხშირად ყველაზე შორეული ადგილებიდან იყვნენ  და ერთიანდებოდნენ წარმომავლობის მიხედვით nationes-ებში. ცხოვრების მოცემული ფორმა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვანაირად, მაგრამ უწყვეტად განვითარდა შუასაუკუნეების მოხეტიალე სამღვდელოებით (clerici vagantes) დაწყებული მეოცე საუკუნის სტუდენტური მოძრაობებით დასრულებული, ფენომენის საზოგადოებრივ განზომილებას წარმოადგენდა. ნებისმიერმა, რომელსაც უნივერსიტეტის აუდიტორიაში უსწავლებია, კარგად უწყის, რომ ასე ვთქვათ, მათ თვალწინ ხდებოდა დამეგობრებები და კულტურული, თუ პოლიტიკური ინტერესების მიხედვით სასწავლო და კვლევითი მცირე ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებიც ერთმანეთთან შეხვედრას ლექციის შემდეგაც აგრძელებდნენ.

ყოველივე ამას, რაც თითქმის ათი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა, ამჟამად სამუდამოდ ესმევა წერტილი. ამიერიდან სტუდენტები არ იცხოვრებენ ქალაქებში, სადაც უნივერსიტეტი მდებარეობს, არამედ თითოეული ლექციას თავის ოთახში ჩაკეტილი მოისმენს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ასობით კილომეტრით იყოს დაშორებული იმათგან, ვინც ერთ დროს მის ამხანაგებს წარმოადგენდა. პატარა ქალაქები, ერთ დროს პრესტიჟული საუნივერსიტეტო ცენტრები, თავიანთი ქუჩებიდან სტუდენტების იმ ჯგუფთა გაქრობის მომსწრენი იქნებიან, რომლებიც ხშირად მათ ყველაზე გამორჩეულ ნაწილს შეადგენდა.

ყველა მომაკვდავი სოციალური მოვლენის შესახებ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად იმსახურებდა თავის აღსასრულს და აშკარაა, რომ ჩვენი უნივერსიტეტები ისე წახდა და სპეციალობის შიგნით ისეთ უმეცრებას მიაღწიეს, რომ შეუძლებელია მათზე გული დაგწყდეთ და აქედან გამომდინარე, სტუდენტების ცხოვრების ფორმა კიდევ უფრო გაღარიბდა. თუმცა, ორი რამ უცვლელად უნდა დარჩეს:

1) პროფესორები, რომლებიც ეთანხმებიან – როგორც ამას მასიურად ახორციელებენ – ახალი ტელემატიკური დიქტატურისადმი მორჩილებას და საკუთარი კურსების მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ჩატარებას, იდეალური სიზუსტით გვანან იმ უნივერსიტეტის დოცენტებს, რომლებმაც 1931 წელს ფაშისტურ რეჟიმს შეჰფიცეს ერთგულება. ისევე როგორც მაშინ, სავარაუდოდ ათასიდან მხოლოდ თხუთმეტი იქნება წინააღმდეგი, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მათი სახელები იმ თხუტმეტთან ერთად იქნება დამახსოვრებული, ვინც ფიცი არ დადო.

2) სტუდენტებმა, ვისაც სინამდვილეში უყვართ სწავლა, არ უნდა ჩააბარონ ამგვარად სახეშეცვლილ უნივერსიტეტებში და როგორც დასაწყისში იყო, უნდა შექმნან ახალი უნივერსიტეტები, რომელთა ფარგლებშიც, ტექნოლოგიური ბარბაროსობის პირისპირ, შესაძლებელი გახდება წარსულის ცოცხალი სიტყვის შენარჩუნება და თუ დაიბადება, შეიქმნას რაღაც ისეთი, როგორიცაა ახალი კულტურა.

2020 წლის 24 მაისი